გაეროს ტრიბუნიდან მძაფრი კრიტიკისგან, სააკაშვილისა და ახმადინეჯადის კვალდაკვალ, ვერც თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შეიკავა. მან გაეროსგან მოითხოვა, საერთაშორისო სანქციები დაუწესოს „აგრესიულ სიონისტურ რეჟიმს და აღადგინოს სამართლიანობა სიონისტების მიერ დახოცილი თურქი მოქალაქეების მიმართ“.
ისრაელი და საერთაშორისო მიმომხილველების აზრით, ერდოღანის კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ირანის პრეზიდენტის – ახმადინეჯადის მიერ იმავე ტრიბუნიდან გაკეთებული შეფასებები. თუმცა, თუ ირანის ლიდერის გამოსვლისას აშშ–ს და ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობის დელეგაციებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს, თურქეთის პრემიერის ბოიკოტირება არავის უცდია. ამას იმით ხსნიან, რომ თურქეთი ნატოს წევრია და აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორი.
„ყველაფერი, რაც ნებადართულია ისრაელისთვის, სხვა სახელმწიფოებს ეკრძალებათ“, – განაცხადა ერდოღანმა და ასამბლეას შეახსენა, რომ ისრაელმა 60–ჯერ დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, მაგრამ არანაირი სასჯელი არ მიუღია. ერდოღანის შეფასებით, ისრაელის ხელისუფლება ყოველდღიურად მოქმედებს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაზე და „მშვიდობის იმედებს ასაფლავებს“.


