რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზების არსებობის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირების შესახებ ფედერალურ კანონებს მოაწერა ხელი. შეთანხმება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო ბაზების 49 წლით განთავსებას ითვალისწინებს ყოველ 15 წელიწადში ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით.
დოკუმენტი რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის რუსული გაერთიანებული ბაზების ფუნქციონირების, რუსული საჰაერო ხომალდების ფრენის, სამხედრო გემების მოძრაობის, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების, სახელმწიფო საზღვრების გადაკვეთასთან დაკავშირებული საშუალებების, ასევე უძრავი ქონების, მათ შორის მიწის ნაკვეთების გამოყენების წესებს ადგენს.
რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახების წევრებს ის პრივილეგიები და იმუნიტეტი ექნებათ, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვისაა გათვალისწინებული. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დოკუმენტის ხელმოწერიდან 6 თვის განმავლობაში რუსეთს უსასყიდლოდ გადასცემენ მოქმედების მთელი პერიოდისთვის დისლოკაციის ადგილებში არსებულ უძრავ ქონებას.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტებმა აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება უკვე მოახდინეს.

