საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება

შოთა ჭალაგანიძე: დირექტიული წესით ჰიბრიდული სიმინდის დანერგვას საქართველოში პერსპექტივა არა აქვს!

05 03 2012 14:32:01 ნანახია:1815
შოთა ჭალაგანიძე: დირექტიული წესით ჰიბრიდული სიმინდის დანერგვას საქართველოში პერსპექტივა არა აქვს!

აგრარული მეცნიერების პრობლემებზე «საქართველი და მსოფლიოს» ესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი შოთა ჭალაგანიძე. _ ბატონო შოთა, დიდი ხანია, სამეცნიერო მოღვაწეობით ხართ დაკავებული, ადრე ხელმძღვანელ სახელმწიფო თანამდებობებზე ბრძანდებოდით, იყავით მინისტრიც და ა.შ. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ თქვენ კარგად უწყით, თუ რა არის წარმოება, ანუ საქმის კეთება, და ამავე დროს ხართ თვალსაჩინო მეცნიერიც, ე. ი. იცით მეცნიერების ფასი. პირდაპირ მინდა გკითხოთ, რა გახდა ქართული აგრარული მეცნიერების დაკნინების მიზეზი? _ ქართული მეცნიერება, ასე ვთქვათ, «შეფერთხილია», მაგრამ, საბედნიეროდ, კიდევ არსებობს. 15 წელიწადი ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის დარგს ვხელმძღვანელობდი, ჩვენს სამინისტროს სამეცნიერო მომსახურებას უწევდა სისტემაში არსებული რამდენიმე კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი, არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ ვიღებდით მეცნიერული შესწავლისა და დასკვნების გარეშე. _ მაშინ მეცნიერება საწარმოო ძალად იყო მიჩნეული. როგორ ფიქრობთ, დღევანდელ მეცნიერებას, კერძოდ, აგრარულ მეცნიერებას ხომ არ დაუკარგავს თავისი ფუნქცია? _ შეკითხვა ისეთია, რომ საფუძვლიანი პასუხის გაცემას მოითხოვს, ამიტომ თქვენ და გაზეთის მკითხველებს ვთხოვ აღიჭურვოთ მოთმინებით. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ დაარსდა, ოფიციალურად მთავრობის მეცნიერული მრჩეველია აგრარულ საკითხებში. წლების განმავლობაში აგრარიკოს-მეცნიერთა მიერ მრავალი ისეთი პრობლემა და საკითხი იქნა დამუშავებული და გადაწყვეტილი. _ თუ არ დაავიწყდათ ამასობაში... _ საქართველოში გამოყვანილია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და პირუტყვის 100-ზე მეტი ახალი ჯიში, კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის ათეულობით ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია; საქართველო ჩაის მექანიზებული მოვლა-მოყვანის, კრეფისა და გადამუშავების სამშობლოა: ჩვენთან შექმნილია 50-მდე ახალი მანქანა და ტექნიკური საშუალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ხორბლის არსებული 23 ჯიშიდან საქართველო 14 ჯიშის სამშობლოა, ასევეა მევენახეობაში, მეხილეობაში და სხვ., რასაც მსოფლიოში შეიძლება ანალოგიც არ გააჩნდეს. აგრო-ბიოლოგიური კვლევის თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა უნიკალური ლაბორატორიაა, სადაც წარმოდგენილია მსოფლიოს ნიადაგების თითქმის ყველა ტიპი და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. ამ თავისებურებით და, უწინარესად, მეცნიერული კადრების არსებობით იყო განპირობებული, რომ ამიერკავკასიაში აგრო-ბიოლოგიური კვლევის სამეცნიერო ცენტრები პირველად საქართველოში შეიქმნა, დღეს ქართველ მეცნიერთა ნაშრომებს იყენებს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. ისიც მინდა გითხრათ, რომ სსრ კავშირში ერთ-ერთი პირველი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია შეიქმნა საქართველოში, რომ ჩვენ შევუწყვეთ ხელი მოძმე რესპუბლიკებში აგრობიოლოგიური მეცნიერების განვითარებას.

_ შთამბეჭდავი ანგარიშია, ალბათ, უფრო მეტის თქმაც შეგიძლიათ, მაგრამ მითხარით, ბატონო შოთა, როგორ იყენებს თქვენს პოტენციალს ჩვენი მთავრობა?

_ პოტენციალისადმი არასწორმა მიდგომამ მიგვიყვანა იქამდე, რომ აღარ ფუნქციონირებს სამეცნიერო სკოლები, სადისერტაციო საბჭოები, აგრარული მეცნიერებისგან დარჩა მხოლოდ პატარ-პატარა ჯგუფები. მეცნიერი, სამწუხაროდ, აღარ არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, «მიმზიდველი პროფესია». ათეულობით საზოგადოებრივი აკადემია, რომელთაც ასობით აკადემიკოსები ჰყავს, პრაქტიკულად, არაფრის მაქნისია და მხოლოდ აფერმკრთალებს აგრარულ მეცნიერებას.

სამწუხაროდ, პრობლემა ბევრი დაგროვდა, რომელთა ნაწილს აკადემიის განყოფილებებისა და საბჭოს სხდომებზე ვაანალიზებთ, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მუდმივად ვიყოთ საქმის კურსში.

_ დააკონკრეტებთ რომელიმე მაგალითით?

_ რა თქმა უნდა. თქვენმა მკითხველმა უდავოდ იცის, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა: ერთ სულზე გადაანგარიშებით, სახნავი 0,14 ჰექტარია. ეს კი ნიშნავს, რომ გასაფრთხილებელია მიწის, მით უმეტეს, სავარგულის ყოველი მტკაველი. ზოგიერთს დაავიწყდა, რომ მიწა მარტო მარჩენალი კი არა, სამშობლოცაა, გულახდილად მინდა ვთქვა: ჩვენ გაკვირვებულები ვართ მიწისადმი იმ გულგრილი დამოკიდებულებით, რომელიც საქართველოში არის დღეს დამკვიდრებული.

_ თქვენ რა ნაბიჯები გადადგით ამ მწვავე პრობლემების გადასაწყვეტად?

_ აკადემიას დამუშავებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია, რომელიც, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი დოკუმენტია და დეტალურ განხილვას საჭიროებს, მაგრამ ამაზე პრაქტიკულად არავინ ფიქრობს. არადა, საჭიროა, თუ გვსურს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა საქმით გახდეს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტი. აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერისა და ზრუნვის გააქტიურება, ახალი ფორმების ძიება, საერთაშორისო გამოცდილების ფართოდ გამოყენება, წარმოების ტექნოლოგიზაცია და სხვ. ზემოთ თქმულზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს სოფლის მეურნეობის განვითარების რეალური სამთავრობო პროგრამა.

თუ მოკლედ ვიტყვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სამი მიმართულება გვესახება ყველაზე პრიორიტეტულად: 1. სტრატეგიული პროდუქციის წარმოება (მარცვლეული, მეცხოველეობის პროდუქტები); 2. საექსპორტო პროდუქციის წარმოება (ჩაისა და ღვინის პროდუქცია, ციტრუსები და ა. შ.); 3. საკურორტო-ტურისტული ინდუსტრიისთვის აუცილებელი პროდუქციის წარმოება. მოკლედ ასეა.

_ უკანასკნელ წლებში მეცნიერებაში განხორციელებულმა რეფორმებმა არ გამოიღო სასურველი შედეგი, დაიშალა მეცნიერების გაძღოლის აწყობილი სისტემა. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დაქვემდებარებამ, შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებთან მიერთებამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მათი განვითარება.

_ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დარგის, სიცოცხლისუნარიანობა და წარმატებები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თითოეული ამ დარგის შესაბამისი მეცნიერების განვითარების დონით, მათ მიერ შესწავლილი და რეკომენდებული ტექნოლოგიების ეფექტიანობით, გამოყენების გავრცელების მასშტაბით, ხარისხით, აგრეთვე, სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობით.

მაგრამ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქმიანობა, ქვეყნის მრავალდარგოვანი აგროსასურსათო კომპლექსის სპეციალიზაციისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, გაცილებით სპეციფიკური და მრავალპროფილიანია. მაგალითისათვის: ახალი, უხვმოსავლიანი ჯიშების გამოყვანისას, თუ არ ვიცით, რა ეკოლოგიურ გარემოში (ნიადაგი, კლიმატი და ა. შ.) შეიძლება მათი გადაადგილება, როგორია მათი მოვლა-მოყვანისათვის, მდგრადი მოსავლის მიღებისათვის საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები (მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, მექანიზაცია, განოყიერება და სხვ.); მათი სამეურნეო-ტექნოლოგიური მიმართულება, სარეალიზაციო ბაზარი და ა.შ., ე.ი. როგორია კვლევებით დასაბუთებული შეკრული ციკლი, შეუძლებელია მეცნიერული პროცესების შემდგომი განვითარება. ზოგადად, თუ მეცნიერების სხვა რომელიმე დარგში შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ავტონომიური განვითარება, აგრარული დარგის სამეცნიერო ორგანიზაციების საქმიანობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. სახეზეა, ასე ვთქვათ, ლოგიკური წრებრუნვა. თუ ფაქტობრივად თითქმის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად შეისწავლება და დამუშავდება მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ფიზიკა, ქიმია, მედიცინა, მათემატიკა და ა. შ.) ნებისმიერი პრობლემა, საკითხი თუ დებულება, მათი მოქმედების ან გამოყენების არეალი ვრცელდება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. განსხვავებული მდგომარეობით ხასიათდება სოფლის მეურნეობის მეცნიერება. პირველ რიგში, ეს არის სოფლის მეურნეობის მეცნიერების მრავალი თეორიული, ზოგადბიოლოგიური დებულებების და, განსაკუთრებით, პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაციების ეფექტიანობის დამოკიდებულება და კავშირი რეგიონის ან ზონის მრავალდარგოვანობასა და ბუნებრივ პირობებთან. ამიტომ შემუშავებული რეკომენდაციები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვნად განსხვავებულია სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში. ეს გარემოება აუცილებელს ხდის, შესასწავლი ყველა საკითხი დამუშავდეს განსხვავებული ბუნებრივი პირობების მქონე ზონების მიხედვით. უშედეგო და არასწორი იქნება, თუ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის მეცნიერთა მიერ ამერიკის რომელიმე შტატში დამუშავებულ და ამ ზონაში გამართლებულ ტექნოლოგიებსა და საკითხებს (მცირე გამონაკლისის გარდა) გავავრცელებთ კახეთში ან იმერეთში. გაუმართლებელია, უცხოური ტექნოლოგიის, რეკომენდებული ჯიშის ან ჰიბრიდის გავრცელება საქართველოს განსხვავებულ ზონებში, მათი ყოველმხრივი მეცნიერული შესწავლის გარეშე, სწორედ ამ განსხვავებულ აგროკლიმატურ პირობებში. ამასთან, ეს შესწავლა არ შეიძლება შემოიფარგლოს 1 წლის შედეგებით, იგი უნდა მოიცავდეს სულ ცოტა 2-3 წლის მონაცემებს. გამოთქმულ მოსაზრებებს ადასტურებს ისიც, რომ სიმინდის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია საკმაოდ განსხვავებულია, თუნდაც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც კი. ამასთან ხაზგასასმელია, რომ სოფლის მეურნეობაში ზოგიერთი კვლევითი სამუშაო, თავისი სპეციფიკურობის გამო, ხანგრძლივ დროს _ 5-10 და მეტ წელს მოითხოვს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ ფართოდ რეკლამირებულ და დირექტიული წესით ჰიბრიდული სიმინდის დანერგვას საქართველოში პერსპექტივა არ აქვს.

სამწუხაროდ, აკადემია დღეისთვის მნიშვნელოვნად არის ჩამოცილებული ამ ყველაფერს. ჩვენ მიერ საკითხის მრავალგზის დაყენებამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო. რას ვიზამდით! ასეთი იყო სამინისტროს ხელმძღვანელობის პოზიცია.

შედეგად აი რა მივიღეთ: 2005 წელთან შედარებით, როდესაც ინსტიტუტები გაყვანილი იქნა აკადემიის სისტემიდან, ამჟამად თანამშრომელთა რაოდენობა 1153-დან 630-მდე შემცირდა. უყურადღებობის შედეგად ზოგიერთ სამეცნიერო დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევებს, ბევრი ინსტიტუტი თითქმის დახურვის საშიშროების წინაშეა და სხვ.

ერთი სიტყვით, დღევანდელ სამეცნიერო ცხოვრებაში, სარეველა ბალახივით შეიჭრა რიგი პრობლემებისა თუ მიზეზებისა, რის გამოც ბევრი მეცნიერი უმოქმედოდ, მომლოდინე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სახეზეა მეცნიერების ფინანსირების მკვეთრი უკმარისობა, კადრების განთესვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოშლა და მრავალი სხვ. მოვა დრო და ეკონომიკა წამოიწევს, გაიმართება, მაშინ დაგვჭირდება მეცნიერებიც, კონსტრუქტორებიც, მათი ცოდნაც, ახალი ტექნოლოგიებიც, სათანადო დონის სპეციალისტები კი აღარ გვეყოლება.

ამიტომ ყველა ცვლილება მეცნიერებაში მოფიქრებულად და სათუთად გასატარებელია არსებული დადებითი გამოცდილების, დადგენილი წესებისა და კანონების, აკადემიებისა და მათი წევრების აზრის გათვალისწინებით.

ესაუბრა

არმაზ სანებლიძე
გაზიარება
მსგავსი მასალები

ავტორი: ჟორა

2013-05-15 12:36:02

ვიცი უკვე და მაგარი კაცია :D :D :D

დატოვე კომენტარი

ქართული კლავიატურა

თქვენი სახელი

უსაფრთხოების კოდი

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 42087
გუშინ 120298
სულ 642601
ამჟამად საიტზეა: 139 მომხმარებელი
28 აგვისტო 2014

ახალი კომენტარები

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge