საქართველო და მსოფლიო ყოველკვირეული გაზეთი ონლაინ ვერსია
გაზიარება

საქართველოს ახალი ომისთვის ამზადებენ?

05 07 2011 20:44:30 ნანახია:1161

GEWORLD.NET:ამერიკული ჯარი ავღანეთიდან მიდის, თუმცა კარიბჭესთან ახალი ომი დგას. საქართველოს საკმაოდ მცირე შანსი აქვს, ამ ომში ჩათრევას თავი აარიდოს; განსაკუთრებით იმ შემთხ­ვევაში,  ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი  თუ დარჩება. ახალი ბატალური ტილო ტრადიციულად სამი ძირითადი ფერის გამოყენებით იქმნება: შავი (ნავთობის ფერი), მწვანე (აშშ დოლარის ფერი) და წითელი, რომელსაც ხანდახან სისხლისფერს უწოდებენ. დავაკვირდეთ შტრიხებს, ბოლო დროს ჯერაც დაუსრულებელ სურათზე რომ გაჩნდა.9 ივნისს ვენაში ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) სამიტის მონაწილეებმა ნავთობის მოპოვების კვოტების გაზრდასთან დაკავშირებით, პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში, კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მოპოვების გაზრდას 1,5 მილიონი ბარელით დღეში (“ლიბიური დანაკლისის” კომპენსირება) საუდის არაბეთი, კუვეიტი და გაერთიანებული საამიროები მიემხრნენ, წინააღმდეგ ირანი, ერაყი და ვენესუელა წავიდნენ. ნავთობის ფასი წინასაინფარქტო კარდიოგრამას დაემსგავსა. ვენის სამიტის წინ ჭორებმა იმის შესახებ, რომ კვოტები გაიზრდება, ნავთობის ფასი დაწია, ხოლო განხეთქილებამ სამიტზე - გაზარდა. შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ საუდელები მოპოვებას მაინც გაზრდიან, ხოლო საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) (მას, ფაქტობრივად, აშშ აკონტრო­ლებს) განაცხადა, რომ ბაზარზე წევრი სახელმწიფოების რეზერვებიდან 60 მილიონ ბარელს გამოიტანს, ამან “Bრენტ”-ის მარკის ნავთობის ფასი 114-დან 104 დოლარამდე დააგდო. ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ IEA შეცდომას უშვებს, მაგრამ ამას ფასზე გავლენა არ მოუხდენია. IEA-მ კი გვამცნო, რომ პირველ პარტიაზე გაჩერებას არ აპირებს; ამან ფასი კიდევ უფრო დაწია. 28 ივნისს ირანმა სამხედრო სწავლებებზე ერთბაშად 14 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა და ნავთობი ისევ იმ ფასს დაუბრუნდა, რომელიც აღწერილი კონვულსიების დაწყებამდე ჰქონდა.
 
იმისთვის, რომ თეირანის მოქმედების ლოგიკა გავიგოთ, ორი გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. მისი საბიუჯეტო გათვლები ემყარება სავარაუდო ფასს 1 ბარელი - 90-100 დოლარი, თანაც, საუდელე­ბისგან განსხვავებით, მას მოპოვების გაზრდის შესაძლებლობა (სიმძლავრეები), პრაქტიკულად, არ აქვს. ერთი შეხედვით, ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიზნები ფრიად კეთილშობილურია - მსოფლიო ეკონომიკა იაფი ნავთობით უზრუნველყოს; “ათეულობით მაღალჩინოსანი აშშ-დან, გერმანიიდან, სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან სამი თვის განმავლობაში ჩუმად მუშაობდა იმაზე, რაც IEA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნაბიჯი გახდა,” - წერს “Financial Times-ი, თუმცა მთელ ამ “მარლეზონის ბალეტს”, სავარაუდოდ, მეორე ნაწილიც აქვს.
15 ივლისს აშშ-ში ძალაში შედის “Dodd Frank Wall Street Reform and Consumer Protection Act”-ის ნორმები, რაც (მათ შორის) სპეკულაციას ნავთობის ბაზარზე ძალიან სერიოზულად შეზღუდავს. იმის გათვალისწინებით, რომ სპეკულაციური ნამატი ნავთობის დღევანდელ ფასში დაახლოებით 30%-ს შეადგენს, მისი ფასი მნიშვნელოვნად დაეცემა. თანაც ამ შემთხვევაში საქმე გრძელვადიან ტენდენციასთან გვექნება. ექსპერტების ერთი (მცირერიცხოვანი) ნაწილი თვლის, რომ ნავთობი წელსვე 50-55 დოლარამდე დაეცემა, ხოლო მეორე მიიჩნევს, რომ ფასი ჯერ 70-75 დოლარამდე ჩამოიწევს, ხოლო დამატებითი 25-30%-იანი ვარდნა 2012 წლის მეორე  ნახევარში მოხდება. სხვათა შორის, ბარაკ ობამასთვის პრეზიდენტის პოსტის ხელმეორედ დაკავება გაცილებით იოლი იქნება, როდესაც აშშ-ში გალონი ბენზინი 2 (და არა 3,5-4) დოლარი ეღირება.
წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ნავთობის ფასი 70-75 დოლარამდე დაეცემა; ამ დროს ბაზარზე შემოდის საუდის არაბეთი დამატებითი 1,5-1,8 მილიონი ბარელით დღეში. ფასი, ცხადია, კიდევ უფრო დაეცემა; დამატებითი ფაქტორი, რომელიც ფასის ვარდნაზე იმოქმედებს, შეიძლება ლიბიაში ომის დასრულება გახდეს. ახლო პერსპექტივაში ეს შექმნის სიტუაციას, როდესაც ირანის ბიუჯეტს, უხეშად რომ ვთქვათ, დედა აღარ ეყოლება. ეს თავისთავად  მომაკვდინებელი არაა, თუმცა, თუ პარალელურად მკვეთრად გააქტიურდება აშშ-ს მართული ირანული ოპოზიცია და გაღვივდება (როგორც ჩანს, მზარდი) დაპირისპირება ირანის ხელისუფლების შიგნით, ვითარება დრამატული გახდება.
მაგრამ, თუ ტაქტიკური თვალსაზრისით, ნავთობის ფასის დაცემა შტატებისთვის მომგებიანია, სტრატეგიულ პერსპექტივაში ის შეიძლება დამღუპველი გამოდგეს. კაცმა რომ თქვას, მეტი საქმე არ აქვს ვაშინგტონს, იაფი და იოლად ხელმისაწვდომი ნავთობით ჩინეთის ეკონომიკის გაუმაძღარი დრაკონი კვებოს. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ ყოველივე აღწერილი მხოლოდ მომდევნო მოვლენების პრელუდია იყოს.
ბოლო დროს თეირანი საუდის არაბეთს ლამის უფრო მწვავედ უპირისპირდება, ვიდრე ისრაელს. ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს ბაჰრეინსა და იემენში სერიოზულად შეეჯახა. საუდიტები მიიჩნევენ, რომ ირანის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მათ წინააღმდეგ (მეზობელ ქვეყნებში და საკუთრივ საუდის არაბეთში მცხოვრები) შიიტები აამხედროს. ეს აფრთხობს სანავთობო მონარქიას, რომელსაც ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს. მის გარშემო საერთო-არაბული არეულობა გრძელდება, ხელისუფლება კი ობიექტურად მომწიფებული რეფორმებისთვის მზად არ არის. მეფე 87 წლისაა, ტახტის მემკვიდრე მასზე 3 წლით უმცროსია, კიდევ ერთ სავარაუდო მემკვიდრეს 80 უსრულდება, “ხალიჩის ქვეშ” კლანების დაუსრულებელი ბრძოლა მიდის. მმართველები ერ-რიადსა და თეირანში თავს საკმაოდ არაკომფორტულად გრძნობენ და ერთმანეთს სასიკვდილო საფრთხედ მიიჩნევენ. ბოლო დროს გამოკვეთილი ტენდენციები ამ განცდას კიდევ უფრო გააძლიერებენ. რაღაც მომენტში ორივე რეჟიმი შეიძლება მივიდეს (ან მიიყვანონ) დასკვნამდე, რომ ერთადერთი შესაძლებელი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან ომია.
ორ ქვეყანას სახმელეთო საზღვარი არ აქვს, მათ ერთმანეთისგან სპარსეთის ყურე ყოფს. ცხადია, ომის დაწყების შემთხვევაში, მცირე ძალების რეიდებსა და შეტაკებებს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე (მაგ. იემენში) ადგილი კი ექნება, მაგრამ ბრძოლის მთავარ ველად (ომის საწყის ეტაპზე  მაინც) სპარსეთის ყურე და შესაბამისი საჰაერო სივრცე გადაიქცევა. პლანეტის სანავთობო საუნჯეში საბრძოლო მოქმედებების დაწყება, თანაც ნავთობის ორ უმსხვილეს ექსპორტიორს შორის, გლობალურ ეკონომიკაზე კატასტროფულ ზეგავლენას მოახდენს. ნავთობის ფასი, სავარაუდოდ, 200-300 დოლარამდე ავარდება და მისი მიწოდებაც არასტაბილური გახდება. ყველაზე ნაკლებად დედამიწის ზურგზე ეს პეკინელ ამხანაგებს სჭირდებათ.
ის, რომ ირანი სამხედრო პოტენციალის მაქსიმალურ გაზრდას ცდილობს, საყოველთაოდ ცნობილია; რაც შეეხება საუდის არაბეთს, ჯერ კიდევ შარშან ცნობილი გახდა, რომ ის შტატებისგან 60 მილიარდი (!) დოლარის შეიარაღების, მათ შორის 84 გამანადგურებლის - F-15-ისა და 178 საბრძოლო ვერტმფრენის შეძენას აპირებს. 22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული კომპანია “Raytheon-ი 1,7 მილი­არდის სანაცვლოდ საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას მოახდენს. 30 ივნისს “Guardian”-ი წერდა, რომ  თურქმა პრინცმა ალ-ფეისალმა (საუდის არაბეთის დაზვერვის ყოფილი შეფი, ყოფილი ელჩი აშშ-ში) თითქოსდა გააფრთხილა ნატოს მაღალჩინოსანი სამხედროები, რომ ირანის ბირთვული მისწრაფებების საპასუხოდ, ერ-რიადმა შეიძლება საკუთარი ბირთვული პროგრამა აამოქმედოს. 3 ივლისს გაჩნდა ცნობები, რომ საუდის არაბეთი გერმანიისგან 200 ტანკ “Leopard”-ს შეიძენს.
ერთი შეხედვით, ნობელის პრემიის ლაურეატი ბარაკ ობამა აქ არაფერ შუაშია და მას მხოლოდ საყოველთაო მშვიდობა და იაფი ბენზინი სწყურია, თუმცა ამ ჰიპოტეტურმა ომმა შტატებს შეიძლება ძალიან დიდი ბონუსები მოუტანოს. ჯერ ერთი, კაპიტალი ალმოდებული ევრაზიიდან (შესაძლო შეტაკება კონტინენტური მასშტაბის დესტაბილიზაციას გამოიწვევს) შტატებში “გაიქცევა”, რაც დღეს (და ახლო პერსპექტივაში) ამერიკული ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ეს ომი ვაშინგტონსა და ანგლო-ამერიკულ ნავთობკომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, ირანზე კონტროლი დაამყარონ, რაც გლობალურ პოლიტიკაში მათ როლს კიდევ უფრო გაზრდის. ამასთანავე, თუ საუდის არაბეთი და ირანი ომს დაიწყებენ, ვაშინგტონს შესაძლებლობა ექნება, ზუსტად შეარჩიოს, თუ როგორ და რა ფორმით ჩაერევა მასში და შესაძლო დანაკარგები (სამხედრო თუ საიმიჯო) მინიმუმამდე შეამციროს. ჩვენი სავარაუდო პრობლემები სწორედ ამ შესაძლო “ჩარევას” უკავშირდება.
ახლახან აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა (შშI) ცნობილი ამერიკელი ექსპერტის - არიელ კოენისა და პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონის (ამ ოფიცერს საინტერე­სო ნაშრომები და ბიოგრაფია აქვს; გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოშიც, აშშ-ის საელჩოში მსახურობდა) ვრცელი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელიც აგვისტოს ომის გაკვეთილებსა და შე­დეგებს ეხება. მოხსენების იმ ნაწილს, რომელიც 2008 წლის ამბებს აღწერს, მომავალში არაერთგზის შევეხებით, ამჯერად კი მხოლოდ ირანთან დაკავშირებულ ციტატებს მოვიყვანთ. საინტერესოა, რომ მოხსენება თავისუფალია ისეთი რიტორიკული წიაღსვლებისგან, როგორიცაა “დემოკრატიის შუქურა”, “თავისუფლების გაზქურა” და ა.შ.; პუბლიკაცია სერიოზულ უწყებაში მომზადდა და მარტივი ენით დაი­წერა, რათა “U.S. Army War College”-ს მსმენელები პროცესების არსს დაუყონებლივ ჩასწვდნენ.
რამდენიმე ციტატა: “რუსეთის მიერ საქართველოს გაკონტროლება აზერბაიჯანის დასავლეთ ფლანგიდან შემოვლა გახდება, რაც აშშ-ს ირანთან კონფრონტაციის შემთხვევაში ბაზირები­სა და დაზვერვის შესაძლებლობებს მოუსპობს”. “...რუსეთი ათამამებს ირანს, რადგან რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე გამორიცხავს საქართველოსა და აზერბაიჯანში ბაზების, აეროდრომების, ელექტრონული საშუალებებისა და თანამშრომლობის სხვა ფორმების გამოყენებას შეერთებული შტატებისა და, შესაძლოა, ისრაელის საჰაერო ოპერაციებისთვის ჩრდილოეთ ირანის წინააღმდეგ. რუსეთს სურს, რომ, ცხელი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, შესაძლებლობა ჰქონდეს, შეაჩეროს კავკასიაში აშშ-ისა და მოკავშირეების ჯარების გაშლა, მათ შორის - სამხედრო-საჰაერო ბაზების გამოყენებით. რუსეთის კონტროლი სამხრეთ კავკასიის საჰაერო სივრცეზე სომხეთში და საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამხედრო ბაზებიდან, ეფექტურად გამორიცხავს აშშ-ის საჰაერო ოპერაციებს მოსკოვის თანხმობის გარეშე”.
როგორც ვხედავთ, მოხსენების ავტორები საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიას განიხილავენ როგორც პლაცდარმს ირანის ჩრდილოეთზე იერიშის მიტანისთვის (სამხედრო თვალსაზრისით, ეს სავსებით ლოგიკურია). ამას, მათი აზრით, ხელს მოსკოვი უშლის, თუმცა (თეორიულად) დავუშვათ, რომ ეს დაბრკოლება მოიხსნა (მოილაპარაკეს, “ჭადრაკის ფიგურები გაცვალეს” და ა.შ.). ისიც დავუშვათ, რომ ამერიკელებმა ილჰამ ალიევიც დაითანხმეს (ან აზერბაიჯანში ოპერაციის დაწყების მომენტისთვის ხელისუფლება შეიცვალა). მიხეილ სააკაშვილი კი აშშ-თან ურთიერთობებში ისედაც ყველაფერზე თანახმაა. შემდეგ კი ყველაფერი მარტივია - საქართველოს ტერიტორიიდან ირანს დაარტყამენ, ირანიდან კი - საქართველოს; არსენალი, რომელიც თეირანმა ამ დროს შეიძლება გამოიყენოს, საკმაოდ მრავალფეროვანია, მასობრივი განადგურების იარაღის ჩათვლით.
SSI-ს ამ მოხსენებაში ერთ-ერთი დამაფიქრებელი ისაა, რომ სტრატეგიულ დაგეგმარებაში გაწაფული ოფიცრები, ისეთები, როგორიცაა პოლკოვნიკი ჰამილტონი, როგორც წესი, ხელს არ აწერენ რაღაც არარეალისტურს, იმას, რაც ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება. მაგალითად, მოხსენებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ირანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის შტატებმა შეიძლება სომხეთის ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რადგან ამის ალბათობა დღეს საკმაოდ დაბალი ჩანს; საუბარი მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანზეა.
ყველაზე საინტერესო და (დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით) ერთობ პარადოქსული კი ისაა, რომ განხილული ჰიპოტეტური ომი შეიძლება მხოლოდ რუსეთის ხისტმა პოზიციამ აგვარიდოს, იმ შემთხვევაში, თუ ის აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ მოქმედებისთვის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საჰაერო სივრცისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებას შეეწინააღმდეგება; კოენისა და ჰამილტონის მოხსენებას სწორედ ამ აზრამდე მივყავართ.
ასე თუ ისე, მომავალში, ალბათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანის გარშემო განვითარებული მოვლენები არა “სადღაც შორს”, სპარსეთის ყურეში, არამედ უშუალოდ ჩვენ თავს ხდება. საქართველოს ახალ ომში ჩათრევის პერსპექტივა კი დღევანდელი გადასახედიდან სავსებით რეალური ჩანს.
დიმიტრი მონიავა
გაზიარება
მსგავსი მასალები

დატოვე კომენტარი

ქართული კლავიატურა

თქვენი სახელი

უსაფრთხოების კოდი

ანონსი

"საქართველო და მსოფლიო" "ობიექტივის" ეთერში

გაზეთი "საქართველო და მსოფლიო"

შემომსვლელები
დღეს 455496
გუშინ 17469
სულ 472965
ამჟამად საიტზეა: 42 მომხმარებელი
26 ოქტომბერი 2014

ახალი კომენტარები

მთავრობა ხალხის დაყენებულია.ამიტომ წესით ის ხალხის, ქვეყნის საკეთილდგეოდ უნდა მოქმედებდეს. არცერთი მთავრობა საქართველოში ამას არ აკეთებს.რა არის გამოსავალი? თუ ეკითხებიან რიგით მოქალაქეებს, მე ერთი უბრალო რიგითი მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და უნდა თავისი ქვეყნის განვითარება და აყვავება თავის ერთან და მომავალთან ერთად. ვცემ პასუხს;რადგან ჩვენი ქვეყანა ჩაყენებულია ჩიხში ამ უნიათო ,არაპატრიოტ, მედროვე მთავრობის მიერ,რომელსაც არა აქვს უნარი გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი და ეს ქვეყანა არ არის მათი, თუმცა ასე ფიქრობენ, ეს ქართველი ერის ქვეყანაა. ამიტომ საჭიროა გადაიდგას ნაბიჯი ქართველი ხალხის მხრიდან სამშობლოს გადასარჩენად. მე მგონი ჩვენს ქვეყანას ყავს გონიერი, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეები, რათქმაუნდა ჩვენი უნეტარესი პატრიარქის ხელმძღვანელობით, რომელთაც დიდი ამაგი მიუძღვით ქვეყნის წინაშე,რომლებისაც ჯერავს ხალხს . ეს ადამიანები უნდა შეიკრიბონ და გადაწყვეტილების მიღების შმდეგ რაც კარგია და გადაარჩენს ქვეყანას წაუყენონ მთავრობას. თუ გნებავთ ჩაატარეთ რეფერენდუმი. თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, /თქვან რატომ?/უნდა გადადგენ. ეს იქნება ხალხის მოთხოვნა.ზოგი იტყვის ეს ეკლესიის საქმე არ არისო,მაგრამ როცა საქმე ეხება სარწმუნოების გადარჩენას აქ ეკლესიაც აქტიურად უნდა ჩაებას,ასე იყო ოდიდქანვე.სხვა გამოსავალი უკვე ვფიქრობ აღარ დარჩა, თუ აღარ დაუტოვეს ხალხს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი მოქალაქის.

Facebook

msofliotv.ge
Copyright © 2012 - 2014 Geworld.ge All Rights Reserved.

www.wsa.ge